ცენტრალური ევროპა რამდენიმე მიზეზის გამოა მომხიბვლელი ადგილი სამოგზაუროდ. პირველი, რა თქმა უნდა, ფასების ხელმისაწვდომობაა – დოლარისა და ევროს კურსმა მხოლოდ ზემოთ ასვლა იცის. განსაკუთრებით კი ფესტივალის შემთხვევაში – ხშირად ხარჯები ბილეთის ფასზე ბევრად მეტი გამოდის. მაგრამ სიიაფის გარდა, ეს ქვეყნები ბევრად უფრო მეტ თავისუფლებას, ემოციასა და თავგადასავლებს გთავაზობენ, ვიდრე წყნარი და მკაცრი დასავლელები. ამიტომ, თუკი ცენტრალური ევროპისკენ მიემართებით, დაამთხვიეთ თქვენი ვიზიტი ამ ფესტივალებს:
Meadows in the Mountains
როდოპის მთები, ბულგარეთიკოცონები, პატარა სცენები და ტყეში ბოდიალი - Meadows in the mountains-მა სახელი გაითქვა, როგორც უნიკალურად ჯადოსნურმა გამოცდილებამ. აქ შეგიძლია ღრუბლებს ზემოთ მყოფმა, მუსიკის მოსმენისას, მზის ამოსვლას უყურო. მცირე სცენები და მეგობრული ატმოსფერო, თავგადასავლებით სავსე მთები, ნისლიანი ხედები გონებასაც ბურუსში ახვევს. ფესტივალის 1000-მდე დამსწრეს უზომოდ ფერადი გარემო ხვდება და მათი უმრავლესობაც 70-იანების ნოსტალგიითაა შემოსილი. ამ საკარვე, ველურ გარემოში შეძლებთ ანდერგრაუნდის ძალიან საინტერესო წარმომადგენლების მოსმენას: Jane Fitz, Al Dobson Jr and Mo Kolours ჰედლაინერებს შორის არიან. მრავალფეროვანი ლაინაფი ტექნოს, ჰაუსსა და სოულს მოიცავს.
როდის: 9 - 11 ივნისი
ფასი: € 140
Sziget
ბუდაპეშტი, უნგრეთითავისუფლების კუნძულზე მოხვედრა ვის არ უნდა, მითუმეტეს თუ, ევროპის საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი გელოდება! Sziget ბუდაპეშტის კუნძულ ობუდაზე გამართული ლეგენდალური თავგადასავალია, სავსე მრავალფეროვანი მუსიკით, თვალისმომჭრელი განათებებით, გემრიელი სასმელებით, შთამაგონებელი სპეკტაკლებით და ბედნიერი, მშვიდობისმოყვარე ხალხით. 1993 წლიდან Sziget-ი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ცნობილ არტისტებს იწვევს და მათ ფანებს დაუვიწყარ 7 დღიან სამოთხეს ჩუქნის. თავდაპირველად ფესტივალი მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა წლიდან წლამდე მასშტაბები ფართოვდებოდა და წელს ნახევარ მილიონზემეტ სტუმარს ელოდება. Line-up: Kasabian, Alt-J, Birdy, Breaking Benjamin, Tycho, Pj Harvey, Pink, Dakhabrakha, Paul Van dyk, The Kills, Interpol, Mac DeMarco...
როდის: 9 - 16 აგვისტო
ფასი: € 325
Exit
ნოვი სადი, სერბიაExit ძლიერი სოციალური მოძრაობის მქონე ფესტივალებს მიეკუთვნება და დღემდე non-profit რჩება. მისი მთავარი საწყისი სტუდენტური აქტივიზმი იყო - პოლიტიკური ბრძოლა და მშვიდობისთვის მიმართული მესიჯი. დუნაის ნაპირას მყოფი ანტიკური, ჯადოსნური ციხე-სიმაგრე ბელგრადის ახლოს მდებარეობს. მუსიკას რაც შეეხება, თუ შეკითხვაზე “რას უსმენ” - “ცოტა ყველაფერს” პასუხობთ ხოლმე, ეს ფესტივალი თქვენთვისაა.
როდის: 6-9 ივლისი
ფასი: € 70
Volt
შოპრონი, უნგრეთინაკლებად ცნობილი, მაგრამ ყოველწლიურად სწრაფად მზარდი ფესტივალი უნგრეთისა და ავსტრიის საზღვართან ტარდება. ოდესღაც პატარა ქალაქური ფესტივალი წელს რამდენიმე ასეულ ათას სტუმარს ელოდება და მათ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ ლაინაფს სთავაზობს. ყველაზე მეტად ფანები Linkin Park-ს ელოდებიან. ისინი ფესტივალს თავიანთი ახალი ალბომის, The Hunting Party-ს ტურის ფარგლებში ეწვევიან. არანაკლებ საინტერესოა სხვა გამომსვლელებიც - ინდის, პოპის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები: Paramore, Imagine Dragons, Pendulu, Fatboy Slim, Ellie Goulding, of Mice and Men და სხვა.
როდის: 27 ივნისი - 1 ივლისი
ფასი: € 125
Electric Castle
ტრანსილვანია, რუმინეთირუმინეთის უდიდესი ფესტივალი მუსიკის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების დღესასწაულად იქცევა 15 საუკუნის ციხე-სიმაგრეში. ტრანსილვანიურ არქიტექტურასთან გემოვნებიანად არის შერწყმული ეკლექტური სცენები და დეკორაციები. ტყეში ჩაფლული ოთხი სცენა ტბის გარემოცვაში მყოფ საიდუმლო კუნძულს ქმნის, და ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას მუსიკა 24 საათი არ წყდება. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, სტუმრებს შეუძლიათ უამრავი სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ: საჰაერო ბუშტით გაისეირნონ, მცირე იოგაში ივარჯიშონ და TEDx ის გამოსვლებიც კი მოისმინონ.
როდის: 12 - 16 ივლისი
ფასი: € 130