Loading...
Tech

აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობისას გამოგადგებათ

ნაცნობ ადგილას კარგად ვიცით, სად შეიძლება ახლო-მახლო Wifi-ზე წვდომა გვქონდეს და არც მეგაბაიტებიც გვენანება სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად. მოგზაურობისას კი ამ და ბევრი ისეთი დეტალის გათვალისწინება გვიწევს, რომელიც, ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება დიდად არც გვანაღვლებდეს.

რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი ბროშურა, გზამკვლევი, წიგნი სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის შესახებ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში სმარტფონი ამ ყველაფერს ღირსეულ კონკურენციას უწევს.

ბლოგში მოგიყვებით რამდენიმე აპლიკაციაზე, რომლებიც თქვენს სმარტფონში აუცილებლად უნდა იყოს მანამ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ. როცა Wifi და მობილური ინტერნეტი მიგატოვებთ, ეს აპლიკაციები თქვენ გვერდით იქნებიან. ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, წაიღოთ გარე დამტენი ამ აპლიკაციების ხშირად გამოსაყენებლად. თუ ხშირად მოგზაურობთ და მის გარეშე უკვე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, აარჩიეთ ტელეფონი კარგი ფოტოკამერით და მძლავრი ელემენტით.

შეიძინე ზუმერში

თუკი სანდო სმარტფონი უკვე თქვენს ხელთაა, დავიწყოთ:

 

Google Maps

Google Maps და მის დახვეწილ და ზუსტს სანავიგაციო სისტემას ჩვენი ქება-დიდება არ სჭრიდება. მიუხედავად იმისა, რომ Google maps-ს აქვს offline ფუნქცია და შეგიძლიათ ესა თუ ის ადგილი შეინახოთ და შემდეგ მიჰყვეთ არჩეულ გზას, მომხმარებლებში მეტი პოპულარობით მაინც maps.me სარგებლობს. Google maps-ში შენახული offline არეა 30 დღეში იშლება, თანაც მისთვის offline ფუნქცია დამატებითია, როცა maps.me-ის ძირითადი დანიშნულება ზუსტად ინტერნეტის გარეშე გამართულად მუშაობაა. ასევე, Google maps-ს გარკვეული შეზღუდვები აქვს offline რეჟიმისთვის რუკის დამახსოვრების – ერთი რუკის გარგლებში ვერ დაიმახსოვრებთ 50 კმ X 50 კმ -ზე მეტ ტერიტორიას. თუმცა, ცხადია, რამდენიმე offline რუკის დამახსოვრება შესაძლებელია. გეცოდინებათ, რომ Google maps-ს აქვს წვდომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაცემებზე, მაგრამ ზოგ ქალაქს საკუთარი აპლიკაციაც აქვს. ასე რომ, მოიმარაგეთ უცხო ქალაქის სატრანსპორტო აპლიკაცია და თქვენი გადაადგილებაც უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება.

გადმოიწერეთ Google Maps

android-სთვის

iOS-სთვის

Google Translate

Google Translate-ის იცის თითქმის ყველამ, ვისაც კი ინტერნეტის დახმარებით რამე გადაუთარგმნია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ თუ აპლიკაციას ჩვენს სმარტფონებში ჩამოვტვირთავთ, მას Offline რეჟიმშიც შეუძლია მუშაობა. მართალია, Online-ის შემთხვევაში 103 ენაზე შეგვიძლია თარგმნა, მაგრამ თუ ინტერნეტი არ გვაქვს არც 52 ენაზე ვიტყვით უარს. ერთ-ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც Google Translate-ს დაემატა არის სურათის მიხედვით თარგმნა – თუ ჩვენი კამერა ტექსტს აღიქვამს, აპლიკაცია მას მომენტალურად გვითარგმნის სხვადასხვა ენაზე. ტექსტი შეიძლება იყოს ფურცელზე დაწერილი, ეკრანზე გამოსახული თუ საგზაო ნიშანზე დატანილი. მართალია, Google Translate გამოცდილი თარჯიმანივით ზუსტი ვერ იქნება და ზოგ ფრაზას სიტყვასიტყვით გადაგვითარგმნის ისე, რომ შინაარსი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ გირჩევთ, თქვენი ლინგვისტური უნარები მიაშველოთ და ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით.

გადმოიწერეთ Google Translate

Google Trips

2016 წლის სექტემბერში Google-მა ახალი აპლიკაცია გააცნო თავის მომხმარებელს – Google Trips. აპლიკაცია არის მათთვის, ვისაც ბევრი სხვადასხვა ადგილის აღმოჩენა უყვარს და მზადაა სიახლეებისთვის. თვითმფრინავის ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და თქვენი Search history-ის მიხედვით აპლიკაციის მიერ არჩეული ადგილები იქნება თავმოყრილი ერთ სივრცეში. კარგი ამბავია ის, რომ offline რეჟიმშიც მუშაობს აპლიკაცია – მთავარია მანამდე თქვენი google-ის ანგარიშით გადმოიწეროთ რუკა და სხვადასხვა მიმართულება. აპლიკაციის გახსნისას არ გამოგრჩებათ “Things to Do” წარწერა, რომელიც თქვენი ინტერესების გათვალისწინებით გირჩევთ, როგორ დაგეგმოთ ტური.

გადმოიწერეთ Google Trips

TripAdvisor

2000 წელს შექმნილი Tripadvisor დღემდე მოგზაურების ერთ-ერთი საყვარელი აპლიკაციაა. ინტერაქტიული ფორუმები, მიმოხილვა, ტურისტისა და მასპინძლის მნიშვნელობა ამ აპლიკაციას ორივე მხარისთვის საინტერესოს ხდის. 315 მლნ წევრი და 500 მლნ-ზე მეტი მიმოხილვა TripAdvisor-ის მასშტაბებზე მეტყველებს. აქ წაიკითხავთ მომხმარებლის აზრს სხვადასხვა სასტუმროზე, რესტორანზე, დანიშნულების პუნქტსა და, ზოგადად, მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბიზნესზე.

თუ review-ები დიდად სანდოდ არ მიგაჩნიათ, გეტყვით, რომ TripAdviser-მა 30 სასტუმრო ე.წ. ,,შავ სიაში” მოახვედრა, რადგან ეს სასტუმროები მომხმარებელს დადებითი review-ს დაწერას აიძულებდნენ. ასევე, მიმოხილვის დატოვებისას ვერიფიკაციის პროცესი ითვალისწინებს IP მისამართსა და მაილს, რაც ამცირებს ,,ყალბი” review-ების რაოდენობას. ასე რომ, TripAdvisor-ის გადმოწერისას მიჰყევით მიმოხილვებს და საკუთარ მოსაზრებებს.

გადმოიწერეთ TripAdvisor

android-სთვის

iOS-სთვის

 

Maps.me

იმ ქალაქებში, რომლებშიც Google Maps-ის გიმტყუვნებთ, ალტერნატივად ბევრი ამ აპლიკაციას განიხილავს. მისი მომხმარებლებისა და შემქმნელების თქმით, რუკა უამრავ დეტალს გვთავაზობს. სკვერში არსებული ფანტანით დაწყებული ცნობილი მუზეუმებით დამთავრებული, რუკაზე ყველაფერია თავმოყრილი. ქუჩის ნომრები, ცალმხრივი მოძრაობის ადგილები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები – მოკლედ ყველაფერი, რაც უცხო ქალაქში მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენთვის.

თუ ზუსტად არ იცით როგორ იწერება უცნობი ქუჩის სახელი, შეგიძლიათ არც ამაზე იღელვოთ. აპლიკაციას საკმაოდ დახვეწილი საძიებო სისტემა აქვს და თუ არასწორად ჩაწერთ მისამართს, ძიების ველის ქვეშ რეკომენდაციის სახით გამოჩნდება სწორი ვერსია.

როგორც მომხმარებლები მიმოხილვაში წერენ, აპლიკაცია ბევრ ენერგიას მოითხოვს და შეიძლება უფრო მალე დაჯდეს თქვენი ტელეფონის ბატარეა, ვიდრე ამას ელით. ჰოდა, არ უნდა დაგავიწყდეთ კარგი გარე დამტენის შერჩევა, რომ ეს დისკომფორტი აირიდოთ თავიდან.

გადმოიწერეთ Maps.me

android-სთვის

iOS-სთვის.

 

არ დაგავიწყდეთ:

airbnb.com –  მოგზაურობისას გაპოვნინებთ ბინას მსოფლიოს 65000 ქალაქში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

 couch surfing – გაპოვნინებთ მასპინძელს, რომელიც ნებას მოგცემთ, რომ მასთან დარჩეთ. ბიუჯეტის დაზოგვასთან ერთად, ბევრად მეტს გაიგებთ იქაური კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

 Uber – საკუთარი ანგარიშის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ, რა ეღირება ტაქსით მგზავრობა დანიშნულების პუნქტამდე. ეს ტაქსი არ იქნება ტიპური და მისი მძღოლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს ან, უბრალოდ, უცხო ხალხთან სოციალიზაცია უნდა. Uber-ის ტაქსით მგზავრობის საფასურს ბარათით იხდით.

 

Shazam – საკუთარი კომფორტ ზონიდან გასვლა ბევრ სიახლეს ნიშნავს, მათ შორის მუსიკალურად. მზად ხარ ახალი საყვარელი სიმღერა იპოვო? არ დაგავიწყდეს აპლიკაციის გადმოწერა.

თქვენ რომელი აპლიკაციის გარეშე არ გაიხურავდით სახლის კარს? გაგვაგებინეთ კომენტარებში:

 

Comments

comments