Loading...
ფესტივალები

რატომ უნდა წახვიდეთ Sziget-ზე

თავისუფლების კუნძული – ასე, ორ სიტყვაში შეიძლება აღიწეროს Sziget-ის ფესტივალი, და მას ასე ეძახიან კიდეც. მაგრამ, თავისუფლების კუნძული ბევრ რამეს ნიშნავს:

მრავალფეროვანი ხალხი

პირველი, რაც Sziget-ის შესახებ უნდა იცოდეთ, რომ ეს შვიდდღიანი მუსიკალური ფესტივალი უნგრეთის დედაქალაქში გაიმართება. ბუდაპეშტი ამ ღონისძიებას 1993 წლიდან მასპინძლობს. დასაწყისში, Sziget-ის მთავარი სამიზნე აუდიტორია დაბალშემოსავლიანი სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ზაფხულის ერთი კვირის გატარება უნდოდათ თავისუფალ, მუსიკითა და საინტერესო ადამიანებით სავსე გარემოში.

წლების გასვლასთან ერთად, ეს ფესტივალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, როცა გაიგებთ, რომ გასულ, 2016 წელს, Sziget-ს 95 ქვეყნიდან დაახლოებით 496 000 ადამიანი სტუმრობდა.

 

ყველანაირი მუსიკა

ხალხის სიმრავლეს, მრავალფეროვნებას განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ Sziget-ის ფესტივალი მულტიჟანრულია. აქ თქვენს მუსიკას ყოველთვის იპოვით – არ აქვს მნიშვნელობა როკს უსმენთ, ინდის, სოულს, ჯაზს, პოპს თუ ელექტრონულ მუსიკას.

2017 წლის Sziget-ს რაც შეეხება – არაფერი დაგეგმოთ 9-დან 16 აგვისტოს ჩათვლით. ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან PJ Harvey, Glass Animals, Interpol, Metronomy, Alt-J, The Chainsmokers, Kasabian, Pink, Wiz Khalifa, Birdy, Jamie Cullum და სხვები. წლევანდელი ლაინაიფი დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

 

 

ხელოვნება და აქტივობები

მუსიკის გარდა, მრავალფეროვანია ის გარემო, რომელშიც ფესტივალის მონაწილეს მოუწევს ყოფნა. იმის მიუხედავად, რომ Sziget მუსიკალური ფესტივალია, ის ხელოვნებისა თუ სპორტის სხვადასხვა სახეობასაც მასპინძლობს. სანამ თქვენი საყვარელი შემსრულებელი სცენაზე გამოვა, შეგიძლიათ ჩოგბურთი, ფრენბურთი ან კალათბურთი ითამაშოთ.

ახლოსვე შეგეძლებათ ფილმს უყუროთ, თეატრის წარმოდგენას დაესწროთ და თუნდაც ბანჯი ჯამფინგი სცადოთ. თუ საკუთარი სხეულის პლასტიკას ეჭვის თვალით უყურებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ ცეკვის ვორქშოპებს და ცეკვის თერაპია მოსინჯოთ.

სამაგიდო თამაშების მოყვარულებიც მარტივად იპოვით სათქვენო გასართობს და არც აღმოსავლური კულტურის მოყვარულები მოიწყენთ, როცა ტიბეტურ რიტუალს საკუთარ თავზე გამოსცდით. მოკლედ, Sziget არის ყველასთვის, ვისაც მუსიკა, საფესტივალო გარემო და საინტერესო ამბები იზიდავს.

 

გაინტერესებთ მეტი სიგეტზე? წაიკითხეთ უფრო ვრცელი პოსტი და გაიგეთ მეტი ფესტივალის შესახებ. თუკი უკვე იყიდეთ ბილეთები და მიემგზავრებით, იპოვეთ დასარჩენი ადგილი ამ სტატიის დახმარებით.

All Photo Credits to ©RockstarPhotographers

www.facebook.com/festivalphotographers/

Comments

comments