Eventer.ge-ს წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა – არ გამოგვპარვოდა, რა ხდებოდა თბილისში. დროის გასვლასთან და ქართული კლუბური სცენის სწრაფ განვითარებასთან ერთად სხვა პრობლემა წამოიჭრა: შეიძლება ღონისძიება გამოტოვო არა იმის გამო, რომ მის შესახებ არ იცოდი, არამედ იმის გამო, რომ მცირე თუ დიდი ხანი ფიქრის, მეგობრებში დისკუსიისა ან საჯარო განხილვის შემდეგ სხვაგან წასვლა გადაწყდა. შეზღუდული დროითა და ფულით ყველგან ვერ ვიქნებით და ზოგჯერ შეიძლება ცნობილი სახელის არჩევის გამო (რომელსაც აქამდეც დაუკრავს თბილისში) ნაკლებად პოპულარული, მაგრამ საინტერესო მუსიკა გამოტოვოთ.
AGHNIE@Success Bar
იკა ჯოჯუა არის ადამიანი, რომელის მუსიკალური გემოვნება არ იწყება და არ მთავრდება არსად. ფსევდონიმით – „Aghnie“ ის მრავალ მუსიკალურ ჟანრს იგდებს ფეხქვეშ, თუმცა იკას ნაწარმოებების საინტერესო ნაწილი მისი „პოსტ-ყველაფერი“ ჟღერადობა როდია მხოლოდ, იგი თავისი მდიდარი მუსიკალური გემოვნებითაც გამოირჩევა, რაც მის სელექციას დიჯეი სეტისას უპირობოდ საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის თბილისურ საკლუბო სცენისთვის. ხელახლა დაბადებული ციფრული RnB, DnB, Breakbeat, Post-Internet, Post-club მუსიკა არის ის რასაც იგი აირჩევს ამ პარასკევს ღამის 10 საათზე, ახალ გახსნილ ბარში Success. Aghnie-ს მუსიკა იტევს ერთდროულად ღრმა ემოციებს, ცინიზმს, უბრალოებას და პროტესტს დღევანდელი გამეფებული „ტექნოტოტალიტარიზმის“ წინააღდეგ, დამერწმუნეთ ამისთვის ყურის გაკვრა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წესით არ უნდა გაშინებდეთ აქამდე მიუსვლელ, დაუტესტავ ადგილზე ცხვირის შეყოფა რამოდენიმე საათით. Go post-everything!
BASSIANI / HOROOM: ■ OSCAR MULERO ■ ZITTO ■ GRANT ■ KVANCHI
ბასიანზე გვიან ღამით, ტრადიციულად ხარისხიანი 4×4-ის მოსმენას შეძლებთ, Zitto-სთან ერთად Osacar Mulero ეწვია ქალაქს, რომელიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ, მძიმე და ხმამაღალ ბერლიურ ტექნო სცენაში ჩაგვითრევს. საღამოს საინტერესო ნაწილი მაინც ჰორუმის ოთახი გვგონია. როგორც ხშირად, ჰორუმის ჟღერადობა Lo-Fi დიფ ჰაუსის ფარგლებს გასცდება, თუმცა ამ კონკრეტულს არ გამოვტოვებდით. გრანტის პოდკასტები იდეალურია, კომპოზიციები მომაჯადოვებელი, ჟღერადობა ხარისხიანი. მიუხედავად იმისა, რომ სელექციაზე წინასწარ ბევრის თქმა არ შეგვიძლია, წესით არ უნდა გაუჭირდეს ზაფხულის დასაწყისის ზეიმი ჩვენთან ერთად. მუსიკალური ოქროს პერიოდის, 90-იანი წლების ბრიტანული ჰაუსის ამერიკულ სანაპიროების ჰაუსთან შეზავება ოკეანეში დრამებით და საქსაფონებით ლივლივი იქნება. მას გვერდს Kvanchi გაუმაგრებს, რომლისგანაც ღრმა, დაუღალავი ტალღების რბოლას სხეულზე უკვე შეჩვეული ვართ.
Nick Höppner • Zurkin • Ash / / / Uru • Bero
მტკვარზე აუცილებლად უნდა გაისეირნოთ! დიჯეი ზოკი, ზუკა, ზურკინა ჩვეულად, მარტივად მოახერხებს მოძრაობა დაგაწყებინოთ, რის შემდეგაც ოსტგუთ ტონის Nick Höppner ბერლინში გაცვეთილი ფირფიტებით ჰაუს, ტექნო სეტს გახლართავს. საბოლოოდ, Ash – დიჯეი, რომელმაც ყოველთვის იცის რა უნდა დააგდოს დეკზე, არ უშინდება არაფერს სცენაზე და ამაყად ცდილობს მოგასმენინოთ კლუბში ის, რასაც ასეთ ადგილას ხშირად ვერ მოისმენთ.
რომელზე აპირებთ წასვლას თქვენ?