Loading...
ფესტივალები

Sziget – მეტი, ვიდრე მუსიკალური პროგრამები

თქვენი საყვარელი შემსრულებელი მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე გამოდის, მაგრამ მაინც Sziget-ზე მიდიხართ მის მოსასმენად. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ Sziget-ს სხვა მუსიკალური ფესტივალებისგან გამოარჩევს მრავალფეროვანი არამუსიკალური პროგრამა. ობუდას კუნძული, მუსიკოსების გარდა, სხვა ნიჭიერ ადამიანებსაც მასპინძლობს და გვიტოვებს არჩევანს – რომელი მათგანის წარმოდგენას დავესწროთ.

Sziget-ის საორგანიზაციო ჯგუფის თქმით, წლევანდელი პროგრამა გამორჩეულად საინტერესო და საერთაშორისო იქნება – მასში მონაწილე არტისტების დამსახურებით.

ცირკი

Giant Street Theatre ერთ-ერთი ასეთი სანახაობაა. აკრობატული სანახაობა ელექტრონული მუსიკისა და განათების ინსტალაციების ფონზე გაიმართება.

Cirque du Sziget-ის სანახაობაც არ არის გამოსატოვებელი. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო აკრობატები მიიღებენ და ადრენალინის გარეშე არც ჩვენ დაგვტოვებენ.

Machine de Cirque – კანადიდად, Imre Baross Circus Arts School – უნგრეთიდან, Compañia Vavel Circus – ესპანეთიდან, The Black Blues Brothers – კენიიდან, Mr. Banana – კვებეკიდან, – ეს საცირკო ნომრების შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია.

თეატრი და ცეკვა

Fidelio Theatre and Dance Tent თანამედროვე თეატრსა და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს უმასპინძლებს. ღონისძიებები ორ ნაწილად – კარავში და ღია ცის ქვეშ გაიმართება. ამ სივრცეში შეხვდებით როგორც უნგრელ, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც სხეულის პლასტიკით გადმოგვცემენ სათქმელს. Sleeping Beauty Project, Central Europe Dance Theatre, Musicus Circus, HumanHood, Campaigne 7273 – ეს სახელები მონაწილეების არასრული ჩამონათვალია.

Mozsi Gabor/Rockstar Photographers www.facebook.com/festivalphotographers

 

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ერთ-ერთი ცნობილი ქორეოგრაფი, Dada Masilo, გედების ტბის თანამედროვე ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს. Yaniv Cohen კი იერუსალიმის შესახებ მომზადებულ წარმოდგენას გვპირდება.

AFRO LATIN REGGAE VILLAGE

ეს სივრცე ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და დასამახსოვრებელი მთელ აბუდას კუნძულზე. აქ ყოველდღე ნახავთ სპეციალურ ვორქშოპებს – შეგეძლებათ ისწავლოთ დრამზე დაკვრა, იოგა, სალსა, სამბა, აფრიკული ცეკვა და სხვა. სენეგალიდან ჩამოსული Ballet Camara მზადაა, რომ ცეკვისა და დრამის წარმოდგენა გამართოს თქვენთვის.

 კლასიკური მუსიკის, ოპერისა და ჯაზის სცენა

კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მოყვარულებისთვის Sziget უკვე მე-15 წელია, აწყობს ამ სივრცეს. მთელი ფესტივალის განმავლობაში შეგიძლიათ, მოუსმინოთ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან Jorge Luis Pacheco, Veronika Harcsa, Fugato Orchestra და სხვა. ჯაზის მოყვარულებს კი JazzyBIT, The Coquette Jazz Band და Four Bones Quartet დაგხვდებათ.

ქუჩის თეატრი და ვორქშოპი

წელს Sziget-ის ფესტივალს ახალი სივრცეც დაემატება. Carbordia გააერთიანებთ ქუჩის თეატრსა და ვორქშოპებს. თავისუფლების კუნძულზე მყოფებს შეუძლიათ, რომ მუყაოს, თავიანთი წარმოსახვისა და ორგანიზატორების დახმარებით მუყაოსგან სამახსოვრო ნივთები დაამზადონ. ყოველი დღე კი კარნავალით დასრულდება, რომელშიც ყველა საკუთარ ნიჭს გამოავლენს. ეს ყველაფერი კი Ooz Band-ის მუსიკის ფონზე მოხდება.

არტზონა

ამ სივრცეში შესასვლელად მხოლოდ შემოქმედებითობა და მარჯვე ხელები დაგჭირდებათ. მასტერკლასებს წარმატებული ხელოვანები ჩაგიტარებენ. რადგან Sziget ახლოსაა გარემოსდაცვით თემატიკასთან, ამ სივრცის მთავარი კონცეპტი იქნება ნარჩენების მართვა და მათი ხელახლა გადამუშავება.

აქვე ნახავთ არტ პროექტს სახელად Before I Die (სანამ მოვკვდები). იქ მისულ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთ სურვილებსა თუ შიშებზე თამამად ილაპარაკონ.

მუზეუმები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Sziget სტანდარტული მუსიკალური ფესტივალი არ არის. აქ, ბევრ სხვა სივრცესთან ერთად, მუზეუმების მონახულებაც შეგეძლებათ. მოკლედ, თქვენ თუ არ მიდიხართ მუზეუმში, ის მოვა თქვენთან.

არ გეგონოთ, რომ მუზეუმების სივრცე სტატიკური, თქვენგან განცალკევებული იქნება. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მათი მთავარი მიზანი ხალხის ჩართულობა, გართობა და მუზეუმთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრევა იქნება. სხვადასხვა უნგრულ მუზეუმთან ერთად, ამ სივრცის საპატიო სტუმარი იქნება ემიგრაციის ისტორიის ეროვნული მუზეუმი (musée national de l’histoire de l’immigration). გამოფენას მოაწყობს ასევე ბუდაპეშტის ეთნოგრაფიული მუზეუმი. აქვე იქნება დისკუსია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უნგრულ-რომაულ კულტურასა და მათ შორის არსებულ კავშირებს.

GameLandHub

GameLandHub არის სივრცე მათთვის, ვისაც ჩვენ გარშემო არსებული ციფრული სამყარო და ვირტუალური რეალობა აინტერესებს. სხვადასხვა კომპიუტერული თამაშის გარდა, აქ სამაგიდო თამაშებსაც ნახავთ. GameLandHub სივრცეში შეგიძლიათ, რუბიკის კუბის აწყობაც ,,დაამუღამოთ”, ასევე, ითამაშოთ პოკერი და თქვენი საჭადრაკო უნარებიც დახვეწოთ.

TedxBudapest

თუ TED Talk თქვენი ერთ-ერთი საყვარელი პროგრამაა, მაშინ დამატებითი მიზეზი გაქვთ ფესტივალზე წასასვლელად. TEDxBudapest Club Tent იქნება სივცე საჯარო გამოსვლისთვის, დისკუსიისთვის. აქ ნახავთ როგორც უნგრელ, ასევე, სხვა საერთაშორისო სპიკერებსაც, რომლებიც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

Hungarikum Village

თუ ფესტივალამდე ვერ მოასწარით უნგრეთის დათვალიერება, მაშინ ამ სივრცეს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ გაიგებთ, როგორია უნგრული სამოსი, საჭმელი, სასმელი, ტრადიციები და ა.შ. ამ სივრცეს ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკა აქვს – წელს ეს ყველაფერი დაბადების დღის გარშემო იტრიალებს.

მოკლედ, Sziget-ის ფესტივალი გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენი საყვარელი შემსრულებლის სახელი ერთ-ერთ headliner-ად. აბსტრაქტული ტექმინი – ,,ფესტივალის სული” აქ ხელშესახები ხდება.

Photo Credits: Rockstar Photographers

Comments

comments