Loading...
#followthevibeფესტივალები

თუ პირველად მიდიხარ Sziget-ზე

თუ აქამდე არ მოგეცათ შანსი, დასწრებოდით Sziget-ის ფესტივალს, გადაგეკვეთათ K Bridge-ის სახელით ცნობილი ხიდი და საფესტივალო გარემოს ნაწილი გამხდარიყავით, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ობუდას კუნძული უმასპინძლებს, რომელსაც საფესტივალო დღეებში თავისუფლების კუნძულსაც უწოდებენ.

და სანამ ამ ჯადოსნურ ადგილას მოხვდებოდეთ, ჩვენ რჩევებით მოგამარაგებთ.

დათქვი შეხვედრის ადგილი

თუ ფესტივალზე მეგობრებთან ერთად მიდიხართ, არ არის გამორიცხული, რომ ხალხმრავლობაში ერთმანეთი ვეღარ იპოვოთ. მართალია, ფესტივალი თავს მარტო არ გაგრძნობინებთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ დათქვამთ ადგილს, სადაც ერთმანეთს შეხვდებით დაკარგვის შემთხვევაში. მოკლედ, ადგილის შერჩევით ნერვიულობას და დროის დაკარგვას თავიდან აიცილებთ.

დაიხმარე რუკა

არ არის აუცილებელი, რომ ფესტივალის მთლიანი რუკა ზეპირად იცოდეთ. საკმარისია, რამდენიმე ძირითადი ლოკაცია დაიმახსოვროთ, რომ ორიენტირება მარტივად შეძლოთ.

არ უნდა დაგავიწყდეთ, გადმოწეროთ აპლიკაციები, რომლებიც მოგზაურობისას გამოგადგებათ და ასევე ექნება Offline მხარდაჭერა, WiFi-ის დევნაში რომ არ დაკარგოთ დრო.

შეარჩიე საკარვე ტერიტორია

მას, ვინც შედარებით ადრე მივა ფესტივალზე, საკარვე ადგილის შესარჩევად უპირატესობა ექნება, მაგრამ დასაბანაკებელი ადგილის გარეშე მაინც არ დარჩებით.  უმჯობესია, ცენტრალური ადგილიდან ძალიან დაშორებით არ იყოს კარავი, მარტივად რომ მიაგნოთ მას. კარგი იქნება, კარავი შედარებით განათებულ ადგილას იყოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კარვის დამჭერი თოკები ღამღამობით განსაკუთრებით საშიში ხდება და თუ მას ფეხს წამოკრავთ, შემთხვევითი სალტოს ალბათობაც საგრძნობლად იზრდება. თქვენი კარვის ადგილმდებარეობის კიდევ ერთი პლუსი იქნება, თუ მას ტუალეტთან ახლოს გაშლით.

შეეგუეთ ფაქტს, რომ ყველაფერს ვერ დაესწრებით

მართალია, პირველად მიდიხართ Sziget-ის ფესტივალზე და ყველაფრის ერთბაშად ნახვა გინდათ, მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დაივიწყეთ ეს იდეა. ფესტივალზე არაერთი სცენაა, პარალელურად ათასი ვორქშოპი, მასტერკლასი და სანახაობა იმართება. ასე რომ, სჯობს რამდენიმე შემსრულებლის მოსმენით დატკბეთ დღის განმავლობაში და თქვენთვის საინტერესო აქტივობაშიც მიიღოთ მონაწილეობა და ძვირფასი დრო იმაზე ფიქრში არ დაკარგოთ, სად რას მიუსწროთ, რომ რამე არ გამოგრჩეთ.

გაერთე მეგობრების გარეშეც

თუ პირველად მიდიხარ Sziget-ის ფესტივალზე და თანაც მარტო – შეგიძლია ძალიან იღბლიანად მიიჩნიო თავი. თავისუფლების კუნძულზე ბევრ საინტერესო ადამიანსა და ამბავს შეხვდები.

და თუ მეგობრებთან ერთად მიდიხარ ამ ფესტივალზე, არც მაშინ გაექცე მარტო დარჩენას. თუ შემსრულებელი, რომელიც შენ მოგწონს, მეგობრებს დიდად არ აღფრთოვანებთ, უბრალოდ მიდი სცენასთან და დატკბი საყვარელი მუსიკით. მეგობრებს ყოველთვის იპოვი, ზემოთ ზემოთ ნახსენებ დათქმულ შეხვედრის ადგილთან.

მოემზადე ყველანაირი ამინდისთვის

იდეალურად დაგეგმილი ფესტივალი შეიძლება ამინდმა გააფუჭოს, თუ შესაბამისად არ ხართ მომზადებული. სიცხის შემთხვევაში ბევრი წყლის მომარაგება და მზის სინათლის ამრეკლავი თეთრი სამოსის ჩაცმა კარგი გამოსავალია. წვიმის დროს კი საწვიმარი გადაარჩენს თქვენს საფესტივალო განწყობას. თუ საწვიმარი თან არ გექნებათ და დაინახავთ შესაბამისად გამოწყობილ ადამიანს, არ მოგერიდოთ, იკითხოთ, სად იყიდა ის. შეიძლება სადმე ახლომახლო წააწყდეთ საჭირო ნივთს.

იპოვე გასართობი ზონები

გრძელი საფესტივალო ღამის შემდეგ ძილს არაფერი შეედრება, მაგრამ შუადღით კარავში წოლა არც ისე კომფორტულია, როგორც წარმოგვიდგენია. საბედნიეროდ, Sziget-ის ფარგლებში არაერთი გასართოები ზონაა, ბევრი მათგანი კი ღია ცის ქვეშ, ჩრდილში არის მოწყობილი – ასე რომ, შეგეძლებათ დაისვენოთ და თქვენ საყვარელ აქტოვობაშიც მიიღოთ მონაწილეობა.

იზრუნე, რომ ტელეფონი დატენილი იყოს

ფესტივალის ფერად გარემოში, დარწმუნებულები ვართ, ბევრი სურათი დაგიგროვდებათ. მანამდე არ დაივიწყოთ მობილური ფოტოგრაფიის ოქროს წესების შესახებ. სხვადასხვა აპლიკაციისა და რუკის გამოყენებისას, მალე ჯდება ტელეფონი. ასე რომ, გამოიჩინეთ წინდახედულობა, და წინასწარ მოძებნებთ ტელეფონის დასატენი ადგილი. უკეთესი ვარიანტიც გვაქვს! უბრალოდ შეწყვიტეთ დენის წყაროს დევნა და თან იქონიეთ გარე დამტენი.

 

და ბოლოს, Sziget-ზე პირველად წამსვლელობო! არ გაქვთ მიზეზი, რომ ეს ფესტივალი დაუვიწყარი არ იყოს თქვენთვის. უმნიშვნელოა ამინდი და ისაც, მარტო მიდიხართ ფესტივალზე, თუ მეგობრებთამ ერთად. დარწმუნებულები ვართ, რომ Sziget ერთ-ერთი საყვარელი ფესტივალი გახდება თქვენთვის და მას მომავალშიც ესტუმრებით.

Photo Credits: Rockstar Photographers

Comments

comments