ფოტოგრაფია დღეს წარმოუდგენელია სმარტფონების გარეშე. ნივთმა, რომელმაც კომუნიკაციის ახალ საფეხურზე აიყვანა თანამედროვე სამყარო, ფოტოგრაფია ახლებურად დაგვანახა.
არ ვდავობთ იმაზე, რომ პროფესიონალური ფოტოაპარატი და სათანადო უნარები მშვენიერ შედეგს გვაძლევს, მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თქვენ მობილურს უწევს კამერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება? და თქვენც გინდათ, რომ ყოველი მომენტი აქ და ახლა დააფიქსიროთ, დაიჭიროთ წამი და ამ ყველაფერში საკუთარი გემოვნება და ხედვა ჩანდეს?
მიუხედავად იმისა, რომ მობილურმა ფოტოგრაფიამ ბევრი რამ გაამარტივა, მოქმედებები საგრძნობლად დააჩქარა, დარწმუნებული ვარ თქვენც, ჩვენ მსგავსად, არაერთი ცუდი ფოტო გინახავთ თუნდაც ბოლო თაობის სმარტფონებით გადაღებული; მაგრამ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე ოქროს წესს თუ დაიცავთ, ცოტა ხედვასაც დაამატეთ (გემოვნებით) და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, მაშინ თქვენი სმარტფონითა და ფოტოთი ნამდვილად იამაყებთ.
წარმოსახვითი ბადე
მობილურით გადაღებული ფოტოს გასაუმჯობესებლად და სივრცის უკეთ აღქმისათვის ამ წარმოსახვითი ხაზების ჩართვას გირჩევთ. წარმოსახვითი ბადე 9 ნაწილად ჰყოფს სივრცეს. თუ მოახერხებთ, რომ მთავარი ობიექტი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების კვეთაზე მოაქციოთ, მაშინ სურათი უფრო ჰარმონიული გახდება.
ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სამ-სამ ნაწილად დაყოფილი სივრცე მოგეხმარებათ როგორც ჰორიზონტის ხაზის გასწორებაში, ასევე, ფოტოსთვის მნიშვნელოვანი ობიექტების განლაგებაში სივრცეში. ამ ხაზების ჩასართავად:
iPhone-სთვის:
Settings —> “Photos & Camera”, —> “Grid” on.
Samsung Galaxy-სთვის:
Camera app, —> “Settings,” —> “grid lines” on.
სინათლე
ფოტოგრაფია ვიღაცაზე ან რაღაცაზე არეკლილი სინათლის დაფიქსირებაა. რომ არა სინათლე, ვერ გვექნებოდა გამოსახულება. ეს ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება ხშირად ავიწყდებათ ხოლმე და სინათლეს არასათანადო ყურადღებას აქცევენ. მობილურ ფოტოგრაფიას რაც შეეხება, ჩვენ ნაკლებად გვახსენდება კარგი ფოტო, რომელიც მობილურის ,,ფლეშ” განათებით იყოს გადაღებული.
ასე რომ, კუთხისა და პერსპექტივის შერჩევასთან ერთად, სინათლის წყარო არ დაივიწყოთ. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ, უკვე თქვენზეა კონტრ-განათებას შეარჩევთ თქვენი ობიექტისთვის თუ სინათლე თქვენს ზურგსა და ობიექტს გაანათებს. მართალია არაერთი აპლიკაცია არსებობს, რომლებიც სინათლის, კონტრასტის, შუქ-ჩრდილის დარეგულირებს თავს გაართმევს, მაგრამ გადაღების პროცესში ამ ყველაფრის მართვა თქვენი და თქვენი ფოტოს უპირატესობაზე მეტყველებს.
მიდი ახლოს
როცა ობიექტთან ახლოს მისვლა შეგიძლიათ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ველურ ცხოველებს, რომლებისგანაც თავის შორს დაჭერას გირჩევდით, მაგრამ სხვა შემთხვევაში აირიდეთ ,,zoom” ფუნქცია.
არ აჰყვეთ ცდუნებას, და ორი თითის მოძრაობით უფრო ახლოს დაინახოთ ობიექტი. ორი ნაბიჯით მეტის გადადგმა სჯობს ამ შემთხვევაში. თუ არადა ამოჭრა ყოველთვის შეგეძლებათ. ასე რომ, მიდით ახლოს ობიექტთან.
ფოკუსი
ბევრ კარგ ფოტოში ფოკუსი მხოლოდ ერთ ძირითად ობიექტზეა. სურათის ნახვისას სხვა, ბევრი რაღაც არ გვაბნევს და ვხვდებით რა შეიძლება ყოფილიყო ფოტოგრაფის ჩანაფიქრი. პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ავარჩიოთ ე.წ. ნეგატიური სივრცე, – სივრცე, რომელიც ფოტოს დაახლოებით 2/3-ს დაფარავს, გამოკვეთს ობიექტს და ,,ასუნთქებს სურათს”.
და მაშინ, როცა შეარჩევთ ნეგატიურ სივრცეს და მაშინაც, როცა თქვენი სურათის ფონი გადატვირთულია, არ დაგავიწყდეთ მთავარი სამიზნე ობიექტის გამოსახულებაზე თითის დაჭერა. თქვენი სმარტფონი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ ერთი დაწკაპუნებით გაასწოროს ფოკუსი, სინათლე, შუქ-ჩრდილები და სხვა.
გადაღების კუთხე
ტურისტულ (და არამხოლოდ) ადგილებში ბევრ ადამიანს მომარჯვებული აქვს თავისი სმარტფონი და ერთი, ბევრჯერნაცადი კუთხიდან იღებენ სურათებს. მათი სურათები მეტნაკლებად ჰგავს ერთმანეთს.
მაგრამ გიფიქრიათ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს სულ სხვა ხედვის კუთხის აღმოჩენა? წარმოიდგინეთ, თქვენ ირჩევთ ცას ან მიწას ნეგატიურ სივრცედ, რომელშიც თქვენი ობიექტი კიდევ უფრო გამოიკვეთება. სიღრმის ილუზია ფოტოს უფრო დინამიკურს და თვალისმომჭრელს გახდის.
ითამაშე ანარეკლებით
წყალი, რომელი ცას ირეკლავს უკვე მომხიბლავია ჩვენი თვალისთვის. ამიტომ ჩვენც გვიყვარს სურათები, რომლებშიც ანარეკლები მთავარი ობიექტები არიან. წყალთან ერთად, ანარეკლების დაფიქსირება შეგიძლიათ სარკის, სათვალის, მაღაზიის ვიტრინისა თუ მეტალის ზედაპირის ობიექტების მეშვეობით.
მიყევი ხაზებს
ჩვენს თვალს სულ აინტერესებს, სად შეიძლება წაგვიყვანოს ხაზებმა. ისეთი სურათების ნახვისას, რომელშიც სწორედ ხაზებია მთავარი ობიექტი, თვალი ვერ ისვენებს, თუ არ გაჰყვა სწორედ მათ. კიბეები, შენობის კარკასები, ლიანდაგი, გზა, ბილიკი თქვენს შთაგონებად შეიძლება იქცეს.
ეძებე სიმეტრია
თუ სამყაროს მოწესრიგებას ცდილობთ, ყველაფერს ,,თავის ადგილს” უძებნით და თან პერფექციონიზმიც გსტუმრობთ ხოლმე, მაშინ ეს პუნქტი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
მარტივისა და გენიალურის კორელაციით არ შეგაწყენთ თავს, თავადაც მშვენივრად იცით, რომ სიმეტრია ორივე ეპითეტს თანაბრად იმსახურებს. იმის გარდა, რომ ბუნებაში არსებული სიმეტრია დააფიქსიროთ, შეგიძლიათ ექსკლუზიურად თქვენი ფოტოსთვის შექმნათ ის. უბრალოდ თავად შეურჩიოთ ნივთებს განლაგება და ზემოთ ნახსენები წესები გაითვალისწინოთ.
დეტალები
ფოტოს გადაღებისას არ შეიზღუდოთ თავი იმით, რომ რაღაც გრანდიოზული უნდა მოაქციოთ კადრში. დაიწყეთ (და გააგრძელეთ) დეტალებით! იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონი მუდამ თან გვაქვს, არ გამოგვრჩევა თუნდაც ფანჯრის მინაზე მოკალათებული ობობა, ანდაც ძველი სახლში აღმოჩენილი ფარდის ტექსტურა, საინტერესო იატაკი და სხვა დეტალები.
გააცინე!
გაღიმებული სახის დანახვა და კარგი სურათი გულგრილს ვერ დატოვებს მის მნახველს. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ გააცინებთ თქვენი სმარტფონის ობიექტივში მოხვედრილ არსებას და მასაც, ვინც სურათს ნახულობს.
შეარჩიე სწორი ტელეფონი
ნიჭისა და სწორი ტექნიკის გარდა, საუკეთესო ფოტოებს კარგი ფოტოკამერაც სჭირდება. დღეს ამ დეტალს მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. წაიკითხე ჩვენი პოსტი და გაიგე რომელ ტელეფონებს შეუძლიათ საუკეთესო სურათების გადაღება. უკვე იცი რომლის ყიდვა გსურს?