მას შემდეგ, რაც თქვენს საფესტივალო სამაჯურს მოირგებთ და გადაკვეთავთ Sziget-ის ზღურბლს, ნამდვილ საოცრებათა სამყაროში აღმოჩნდებით. ფერების სიმრავლე, მომღიმარი ხალხი და საფესტივალო კუნძული თავის ფერხულში უჩუმრად ჩაგითრევთ. ასე დაგვემართა ჩვენც, როცა ობუდას კუნძულზე შევდგით ფეხი.
ასე, მოვიმარაგეთ საკუთარი ბლოგი ,,თუ პირველად მიდიხარ Sziget-ზე” და, რეკომენდაციების გარდა, ამ კუნძულზე გამეფებულ მუსიკის რითმს მივყევით.
აქ გასართობი ზონები ყველა ასაკის ადამიანისთვისაა გათვლილი – არ მოიწყენენ არც ბავშვები და არც ზრდასრულები. მეტიც, ერთადაც მშვენივრად იმხიარულებენ. ფერად კაბებში ჩაცმული გოგონები და ქუდებსა და პიჯაკებში გამოწყობილი ბიჭები თქვენდაუნებურად მიგიზიდავენ.
შემდეგ შემოგთავაზებენ ქუდებს, რომ მოარგოთ მანეკენებს, ან მოგცემენ სამაშველო რგოლებს, რომ ტიტანიკის მგზავრები იხსნათ სიკვდილისგან. აქვე პატარა აუზში თევზაობასაც გამოცდით და თუ რამდენიმე წუთი რიგში დგომა არ დაგეზარათ, მილში ჩამოვარდნილ კაკალსაც გატეხავთ.
რა თქმა უნდა, იღლებოდნენ ისინიც, ვინც მთელი დღე ართობდა ობუდას კუნძულზე მოხვედრილ ხალხს, მაგრამ მუდამ იყო ვინმე, ვინც მათ შეცვლიდა. ასე რომ, დაღლილი და უხასიათო პერსონალი აქ არ დაგხვდებოდათ.
სანამ საყვარელ შემსრულებელს იხილავთ მთავარ სცენაზე, მანამდე მოგიწევთ სხვა – შედარებით პატარა სცენების გავლა. როცა ამ ზონას შეელევით და გზას განაგრძობთ, სხვა არაერთ საინტერესო რამეს წააწყდებით.
ჯაზისა და კლასიკური მუსიკის მოყვარულებო – თქვენთვის Sziget-ს საჩუქარი აქვს – წითელ კედებში გამოწყობილი ორკესტრი ნამდვილ დღესასწაულს დაატრიალებს თქვენთვის. იქვე ახლოს მსოფლიო მუსიკის სცენაცაა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული არტისტები უფრო დიდ აუდიტორიას გააცნობენ თავს.
ჩვენი რჩევა იქნება, რომ არ შეგეშინდეთ, თუ დაიკარგეთ და სასურველ ადგილს ვერ აგნებთ – უბრალოდ დატკბით იმით, რაც გზად შეგხვდებათ. ჩვენც ასე აღმოვაჩინეთ უნგრული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის კუთხე, რომელშიც ჩვენც აგვიყოლიეს და ზედმიწევნით გვასწავლეს უნგრული ცეკვის მოძრაობები.
ელექტრო მუსიკის მოყვარულებს ცალკე სცენა მიუძღვნა Sziget-მა. ამ სცენაზე შეგიძლიათ დილამდე უსმინოთ საყვარელ თუ ახალგაცნობილ მუსიკოსებს.
ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ ნანახი სჯობს, მგონია, რომ ეს გამოთქმა Sziget-ის განწყობას და იქაურ გარემოს ყველაზე კარგად ასახავს. ასე რომ, თუ 2017 წელს გამოტოვეთ ეს მუსიკალური ფესტივალი, შეგიძლიათ ეს ,,შეცდომა” 2018 წელს გამოასწოროთ.