გარდა უდაოდ უნიკალური ატმოსფეროსი, Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მასზე მყოფი ნაცნობი თუ ახალი ობიექტებია. თითქოს ერთი შაბათ-კვირით მთელი ქალაქი პატარა Wonderland-ში მიდის და ეს მხოლოდ ხალხს არ ეხება – ჩვენი საყვარელი ბარებიც მოგვყვებიან, მყუდრო ატმოსფეროთი. მაგრამ ეს სამი დღე განსაკუთრებულია და ისინი მათ მიერ ფესტივალისთვის სპეციალურად შექმნილი, საინტერესო და ორიგინალური დამატებებით გვანებივრებენ.
ფესტივალზე უამრავი ადგილი დაგვხვდა, ნამდვილად ვერ მოიწყენდი. Startup Market-ზე უკვე ვისაუბრეთ, მის გარდა კიდევ ორი განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა: ერთი იმიტომ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სამახსოვრო ნივთებს ყიდდნენ, მეორემ კი უჩვეულო ნაყინით მიგვიზიდა.
სარეკლამო სააგენტო Mozaika Open Air-ის ფარგლებში მოგონებების შემგროვებლად იქცა. აქ ყველაფერი მარტივადაა – ირჩევთ სასურველ ნივთს (მაისურს, ჩანთას, პინს და ა.შ.), მიუთითებთ სასურველ დიზაინს და მოიცდით სულ ორ წუთს. არაა გასაკვირი, რომ დიზაინი თემატურია და Tbilisi Open Air-ს უკავშირდება.
გილოცავთ! თქვენი საფესტივალო მოგონება მზადაა!
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ყველაფრის ფასი საკმაოდ ადეკვატური და მისაღებია. ასე, მაგალითად პინის ფასი 1.95 ლარიდან იწყება, საწვიმარი – 4.95, ჩანთა კი 14.95 ლარი ღირს. მაისურს 19.95 ლარიდან შეიძენთ, თანაც ყიდვისას ლუდის ვაუჩერსაც მიიღებთ.
როგორც ამ პროექტის ორგანიზატორებმა გვითხრეს, მათ სჯერათ, რომ ადამიანები მოგონებებით ვცხოვრობთ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები უფრო დასამახსოვრებელი გაეხადათ პატარ-პატარა სუვენირებით.
ტაილანდური ნაყინი
შესავალში დაგპირდით, რომ ტაილანდურ ნაყინზეც მოგიყვებოდით და აი ისიც!
Tbilisi Open Air-ის ბოლო დღეს მზიანი და თბილი ამინდი იყო, ამიტომ არ გაგვიკვირდა, როცა ნაყინის კუთხესთან ბევრი ადამიანი ელოდა თავის წილ სიგრილეს. ჩვენი ყურადღება მიიქცია ნაყინის დამზადების უცნაურმა ტექნოლოგიამ – ინგრედიენტების დაქუცმაცებით მიღებულმა ე.წ. როლებმა. როგორც ვნახეთ (და დავაგემოვნეთ კიდეც), ნაყინი დამზადდა ჩვენ თვალწინ ორიოდე წუთში. პატარა გამჭვირვალე ყუთებში ინგრედიენტებს ნახავდით, რომლებიც თავად შეგეძლოთ აგერჩიათ – მარწყვი, ბანანი, ნუტელა, ორეო, ემენდემსი მათი არასრული ჩამონათვალია. უნდა ვახსენოთ, რომ ნაყინის ფასი ხუთი ლარია.
საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობას ორეოს და ნუტელას კომბინაცია ყველაზე მეტად მოეწონათ. იმედია, ეს სტარტაპი სხვა ღონისძიებაზეც გაგვაგრილებს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.