Loading...
#followthevibeფესტივალები

როგორ შეხვდნენ ინოვაცია და მუზეუმი ერთმანეთს Sziget-ზე 

თუ გგონიათ,რომ სამუზეუმო სივრცეები თქვენთვის არ არის და მათ მოსაწყენად მიიჩნევთ, დროა, ეს სტერეოტიპი დაამსხვრიოთ.

დღეს მოგიყვებით, როგორ შეხვდნენ ინოვაცია და მუზეუმი ერთმანეთს.

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ყველაფერი ნელ-ნელა ციფრული სამყაროსკენ მიიწევს. დღეს აღარ გვიკვირს, რომ ჩვენი სამუშაო მაგიდის გარშემო თავმოყრილი ნივთები უფრო და უფრო ცოტავდება და  დესკტოპებსა თუ მობილურში აპლიკაციების რაოდენობა იზრდება.

ეს ,,გაციფრულება” ჯერჯერობით ნაკლებად შეეხო მუზეუმებს. დამთვალიერებელი მაინც ამჯობინებს სამუზეუმო სივრცეში მოხვედრას და ყველაფრის საკუთარი თვალით აღმოჩენას.

ამ ყველაფერზე იფიქრეს Walter’s Cube-ის შემქმნელებმა, როცა იგონებდნენ ახალ, ინოვაციურ სამუზეუმო სივრცეს.

Walter’s Cube-ის ონლაინ პლატფორმა თავს უყრის თანამედროვე ნამუშევრებს – ფერწერას, ფოტოგრაფიას, ქანდაკებას და სხვა.

დამთვალიერებელს ექნება საშუალება, რომ თავისი სმარტფონი მოარგოს VR სათვალეს, ფოკუსი გაასწოროს და ის უკვე სამუზეუმო სივრცეშია. მართალია, არაერთ სურათს წააწყდებით ინტერნეტში, მაგრამ VR სათვალეში დანახული ნამუშევრები გიტოვებთ შეგრძნებას, რომ თვითონ ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. სპეციალური პულტის დახმარებით, შეგიძლიათ მიუახლოვდეთ ან მოშორდეთ ნამუშევარს, გადაინაცვლოთ ერთი ოთახიდან – მეორეში და თავი მუზეუმის კედლებში იგრძნოთ.

და თუ ამა თუ იმ ნამუშევარზე დააწკაპუნებთ, მასზე კიდევ უფრო მეტს შეიტყობთ. როგორც Walter’s Cube-ის მარკეტინგის მენეჯერმა გვითხრა, საიტი 2017 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება, მაგრამ ახლა უკვე არსებობს მისი საცდელი ვერსია. საიტის გარდა, შეიქმნება ასევე Walter’s Cube აპლიკაცია​.ცხადია, VR სათვალის გარეშეც შეგეძლებათ საიტისა თუ აპლიკაციის გამოყენება, მაგრამ ვირტუალური რეალობის სათვალე შთაბეჭდილებას ერთი ათად ზრდის. დაგვიჯერეთ, ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. კარგი ამბავია ისაც, რომ Walter’s Cube-ის მოხმარება სრულიად უფასოა და ყველას შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად მოხვდეს მუზეუმში.

წინა ბლოგში გიყვებოდით, რომ Sziget-ის ფესტივალი მეტია, ვიდრე მხოლოდ მუსიკალური პროგრამები. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა Walter’s Cube-მა. ფესტივალის ფარგლებში, ჩვეულ საგამოფენო კოლექციასთან ერთად, დამთვალიერებელს ჰქონდა შანსი, ენახა მეტი რამ, მაგალითად – აუტისტური სპექტრის აშლილობის ადამიანების ნამუშევრები. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გვითხრა, Walter’s Cube უნგრულ-ამერიკული პროექტია და მათი თანამშრომლობა Sziget-ის ფარგლებში წარმატებით შედგა.

Sziget-ის ტერიტორიაზე, შესასვლელიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მთელი ფესტივალის განმავლობაში იქნება სახელდახელოდ დამზადებული ოთახი, VR სათვალეებით და ღიმილიანი პერსონალით, რომლებიც მზად არიან მოგახვედრონ ვირტუალურ რეალობაში. ეს ყველაფერი კი, Sziget-ის ფესტივალის ფარგლებში, უფასოა.

Walter’s Cube-ის საგამოფენო სივრცე საწყის ეტაპზე მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებისთვის იქნება დათმობილი. სამომავლოდ კი, Walter’s Cube-ის შემქმნელები  იმედოვნებს, რომ მსოფლიოს წამყვან საგამოფენო სივრცეებთან ითანამშრომლებენ და მაყურებელაც საყვარელი ნამუშევრების ნახვა უკვე ვირტუალურ რეალობაში შეეძლება.

Animated GIF  - Find & Share on GIPHY

 

Comments

comments