ფესტივალებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამზარეულოა. გემრიელი საჭმელი თქვენს საფესტივალო განწყობას ნამდვილად დააგვირგვინებს.
Sziget-ის ფესტივალზე ბევრი გემრიელი რამ დავაგემოვნეთ და გაგიზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ Sziget-ზე ნაღდი ანგარიშწორებით ვერ იყიდით ვერც საჭმელს და ვერც სასმელს. ასე რომ, გაამზადეთ ბარათები! თუ ბარათზე ფული არ გეგულებათ, არც ეგაა პრობლემა. შესასვლელთან ახლოს ნახავთ პუნქტს, სადაც სპეციალურ, Sziget-ის ბარათს იყიდით, მასზე დარიცხავთ ფულს და სულ ესაა.
Sziget-ზე, შემსრულებლებით დაწყებული, საჭმლით დამთავრებული – ბევრ სხვადასხვა ქვეყნის ,,წარმომადგენელს” ნახავთ.
საკვებ ობიექტებთან გაკრული დროშებით მალევე მიხვდებით, რომელი ქვეყნის საჭმელი შეგიძლიათ დააგემოვნოთ. აქ ყველა გიღიმით, არ ეზარებათ უცნობი კერძის შესახებ ყველაფერი გითხრან, ჩამოგითვალონ ინგრედიენტები და თუ მაინც ვერ მოგაწონეს ის, უკან ღიმილით გაგიშვან.
არჩევანი დიდია – ვეგანებიდან დაწყებული, ხორცის მოყვარულებით დამთავრებული, ყველას შეუძლია იპოვოს თავისი საკვები. აქ ყველაფერს თქვენ თვალწინ დაამზადებენ და თუ ჩემსავით გაგიმართლათ, რომელიმე კერძის რეცეპტსაც გამოკრავთ ხელს.
ფასებს რაც შეეხება, საშუალოდ, 2 ევროდან შეგიძლიათ იყიდოთ რამე. ცხადია, ფასები იზრდება პორციისა და ინგრედიენტების მიხედვით. აქვე ნახავთ დესერტებს – დონატებს, ვაფლებს, ნამცხვრებს – რომლებსაც სასურველი ხილითა თუ ტკბილეულობით მორთავთ თქვენს ნებაზე.
თუ დამღლელი საფესტივალო დღის შემდეგ გეძინებათ და თქვენი საყვარელი შემსრულებელი ჯერ კიდევ არ გამოსულა სცენაზე, მაშინ ყავა აუცილებლად უნდა დაიხმაროთ. გაითვალისწინეთ, რომ სასმელის შეტანა არ შეიძლება, ასე რომ, ფესტივალზე მოგიწევთ ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების ყიდვა. მეტსაც გეტყვით, აქ წააწყდებით Sky Bar-ს და 15 ევროს ფარგლებში მიიღებთ სასურველ კოქტეილს და ცაში გამოკიდული შეძლებთ მის დალევას.
საჭმელზე ლაპარაკს სჯობს, თვითონ დააგემოვნოთ ის – გირჩევთ გასინჯოთ უცნობი კერძები და თქვენთვის უცნობი გემოს რეცეპტორები აღმოაჩინოთ. ამისთვის კი Sziget-ის ფესტივალი მშვენიერი შესაძლებლობაა.