Open Air-ზე მისულებს, მუსიკის გარდა, ბევრი სხვა რამ დაგხვდებათ – ყველა კუთხეში რაღაც საინტერესო ხდება. ერთ-ერთი ასეთი ზონა Startup Market-ია, რომელიც დამწყებ ბიზნესს ხელს უწყობს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციაში. როგორც სივრცის სახელითაც ხვდებით, აქ სტარტაპერების ნახვა და მათი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ.
თუ დამწყები ბიზნესის გულშემატკივარი ხართ, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აქ ნახავთ როგორც ხელნაკეთ ნივთებს, საინტერესო აქსესუარებს, ორიგნალურ ტანსაცმელს, ასევე, საკვებ სივრცეებსაც.
აქტივობები
ისე, რომ ამ სივრცეს არ გასცდეთ, სამ სხვადახვა აქტივობაშიც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. საკერავი მანქანა შემთხვევით არ აღმოჩენილა ჩვენს კადრში.
შეგიძლიათ ტანსაცმელზე დაიკეროთ ბეჯები თემატური გამოსახულებებით. აქვე შეგიძლიათ გაიკეთოთ ორიგინალური მანიკური და ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალით სადღესასწაულო განწყობა შეიქმნათ.
ორიოდე მეტრში საფესტივალო მაკიაჟიც შეგიძლიათ მოსინჯოთ, ისე რომ არ გასცდეთ Startup Market-ის ზონას. აქვე შეგიძლიათ მოიკითხოთ სტიკერები, რომლებიც თქვენს ლეპტოპებსა თუ მობილურებს ძალიან მოუხდება და Tbilisi Open Air-ს გაგახსენებთ.
საკვები
Cumbo Pops – ქართული ხილის ნაყინი
ამ სივრცეში რომ აღმოვჩნდით, ორმა მომღიმარმა გოგომ და ნაყინმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება. Cumbo Pops – ასე ჰქვია მათს სტარტაპს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ პირველი ქართული ხილის ნაყინი, რომელიც ხელით არის დამზადებული. სეზონური ხილით დამზადებული ნაყინი გაგაგრილებთ და გულგრილს არ დაგტოვებთ. მარწყვი, ატამი, ალუბალი, თუთა, ჟოლო, მოცხარი – Cumbo Pops-ის მთავარი ინგრედიენტები იქნება. 2 ლარად პატარა ულუფას იყიდით, 3 ლარად – დიდს.
Fish & Chips
ერთ კუთხეში კვამლი ისე ლამაზად გამოიყურებოდა, დეკორატიულიც კი შეიძლება ჰგონებოდა ადამიანს, მაგრამ ეს Fish & Chips აღმოჩნდა. ამ ინგლისური კერძისთვის პირველი მასპინძელი Open Air აღმოჩნდა და ჩვენც აქ შეგვიძლია დავაგემოვნოთ ეს საკვები.
როგორც ამ სტარტაპის წარმომადგენლებმა გვითხრეს, 10 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ულუფა, რომელშიც შედის სამი ნაჭერი თევზი, კარტოფილი ფრი, ლიმონი და ტარტარის სოუსი. აქვეა ჩამოსასხმელი ლუდიც, რომელიც ძალიან მოუხდება Fish & Chips-ს.
Wurstmeister – გერმანული ტრადიციული კერძი
მესამე საკვებ სივრცეში, სახელად Wurstmeister, გერმანული ტრადიციული კერძის დაგემოვნება შეგეძლებათ. როგორც სტარტაპერებმა გვითხრეს, ბრადვურსთის სოსისები 100%-ით ნატურალური ხორცით მზადდება. სოსისები შეგიძლიათ დააგემოვნოთ კარტოფილთან ან პურთან ერთად. ჩამოსასხმელ ლუდსაც აქვე იყიდით. სტარტაპი ასევე იყო 4GB-ზე, საახალწლო მარკეტზე და ა.შ.
ხელნაკეთი ნივთები
Startup Market-ის შუაგულში ნახავთ ე.წ. Mix Chop-ს, რომელშიც თავმოყრილია 8 სხვადასხვა სივრცის ხელნაკეთი ნივთები იქნება ეს სამკაულები, წელის ჩანთები, სტიკერები თუ სხვა.
ბოჰემური სტილის აქსესუარები თუ თქვენი სტილის ნაწილია, მაშინ ZCatcher-საც უნდა ესტუმროთ, რომელიც სამაჯურებს, თმის აქსესუარებს, საყურებს და მსგავს რაღაცებს შემოგთავაზებთ.
აქვე ნახავთ სტარტაპს სახელად ,,თოკი”, რომელიც ასევე ხელნაკეთი აქსესუარებით და ღიმილით დაგხვდებათ. Party Pocket – ეს კომპანია მომხმარებელს ხელნაკეთ ტანსაცმელს სთავაზობს. Startup Market-ის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რა დასჭირდებოდათ ფესტივალზე მოსულ ადამიანებს.
Open Air-ის პირველ დღეს ქარიანი ამინდი იყო და ცოტა ხნით გაწვიმდა კიდეც. ჰოდა, თუ ჩვენსავით არც თქვენ ხართ წინდახედულები და დიდად არც თბილ ტანსაცმელს სწყალობთ, მაშინ ამ სივრცეში შეგეძლოთ შეგეძინათ პლედები, მოსაცმელები, რომლებიც ამ და სხვა ფესტივალებზეც აუცილებლად გამოგადგებათ.
როგორც Startup Market-ის ორგანიზატორებმა გვითხრეს, მათ გარკვეული კრიტერიუმები ჰქონდათ სტარტაპერების შესარჩევად. ვფიქრობთ, მათი სტრატეგია გამართლდა – ამ სივრცეში თავმოყრილია ისეთი რაღაცები, რომლებიც საფესტივალო განწყობას ძალიან უხდება. აქ წარმოდგენილ პროდუქციას როგორც დეკორატიული, ასევე – პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს.
როგოც ამბობენ, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო. ასე რომ, Starup Market სხვადასხვა აქტივობით, საკვებითა თუ საინტერესო ნივთით სამივე დღის განმავლობაში იქნება ფესტივალზე და მუსიკის მოყვარულებსა და დამწყები ბიზნესის გულშემატკივრებს დაელოდება.