მარიშა მინაზარიშვილი ივლისში პოლონეთში, OPEN’ER ფესტივალის შთაბეჭდილებებს გვიყვება. გსურს შენც გაუზიარო სხვას ზაფხულის დაუვიწყარი დღეები? მოგვწერე – vibe@eventer.ge
ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე – მუსიკალური ტურიზმი, ტურიზმის საუკეთესო სახეა. მართლა. ორმაგი სიამოვნებაა.
ჩემი წლევანდელი დანიშნულების წერტილი პოლონეთის პატარა და ერთი შეხედვით აბსოლუტურად არამომხიმბვლელი ქალაქი, გდინია, იყო. საბედნიეროდ, არც ქალაქმა გამიცრუა იმედი და არც ფესტივალმა, რომელზეც მივდიოდი.
თავად ადგილობრივი პუბლიკა ორად იყო გაყოფილი – პირველი ნაწილი ჩვეულებრივად, მუსიკის მოსასმენად მოსული ხალხი იყო, მეორე კი სოფლის დისკოტეკიდან პირდაპირ როკერებთან საგულაოდ წამოსულ ხალხს უფრო ჰგავდა, ვიდრე მსმენელს.
პოლონური ფესტივალი OPEN’ER-ი 2012 წელს დაარსდა და დღემდე არაერთ მნიშვნელოვან ჰედლაინერს უმასპინძლა. 2017 წლის სიაში მოხვდნენ ისეთი ჯგუფები და არტისტები, როგორც Radiohead, James Blake, Foo Fighters, The Kills, Jimmy Eat World, Solange, Lorde, Tiga, The XX, The Weekend, Moderat, Nicolas Jaar და ჩემი საყვარელი Warpaint, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დავესწარი.
ფესტივალს ოთხი ძირითადი და ხუთი დამატებითი სცენა ჰქონდა. ტერიტორია ისეთია, აი ვაჟა-ფშაველას ორი კვარტალი რომ შეაერთო. შედეგად, ერთი სცენიდან მეორემდე მისვლას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდებოდა. ხმა იდეალურად იყო გამართული, სთეიჯები ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, ფუდ კორტებსა და ბარებში მუსიკა თითქმის არ იყო, შედეგად გაურკვეველი მიქსების მსხვერპლი ვერ გახდებოდი.
Radiohead-ზე ლაპარაკისას მგონია, რომ ჩემს თავს ვართმევ მოგონებებს და კითხვაზე – „როგორი იყო?“ – ძირითადად ერთი პასუხი მაქვს – „ჯადოსნური!“
ფესტივალს უამრავი ტურისტი ესწრებოდა. ძირითადად ჩემსავით, ერთი დღით იყვნენ ჩამოსულები. თავად ადგილობრივი პუბლიკა ორად იყო გაყოფილი – პირველი ნაწილი ჩვეულებრივად, მუსიკის მოსასმენად მოსული ხალხი იყო, მეორე კი სოფლის დისკოტეკიდან პირდაპირ როკერებთან საგულაოდ წამოსულ ხალხს უფრო ჰგავდა, ვიდრე მსმენელს. ამ უკანასკნელი საზოგადოების ყაყანი იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ თავი თეატრში მისული ბოღმიანი ბებია მეგონა.
რაც შეეხება არტისტებს – (სამწუხაროდ, მე მხოლოდ James Blake-ს, Solange-ს და Radiohead-ს დავესწარი) მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ივენთი James Blake-მა გახსნა Limit to your love-ით. სეტ ლისტი დასაწყისის შესაფერისი ჰქონდა, ჩემსავით მტირალა გოგოებზე გათვლილი და ჯადოსნურად შესრულებული. Solange სხვა სცენაზე იყო, გზაში დაახლოებით 20 წუთი დავხარჯე, თუმცა ულამაზესი შოუ ვიხილე.
Radiohead-ზე ლაპარაკისას მგონია, რომ ჩემს თავს ვართმევ მოგონებებს და კითხვაზე – „როგორი იყო?“ – ძირითადად ერთი პასუხი მაქვს – „ჯადოსნური!“. თუმცა გამეორება ცოდნის დედააო, თუ რაღაც, ამიტომ ამის შესახებაც მოგიყვებით ცოტას.
მთავარი სცენისკენ დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე წავედით მე და ჩემი მეგობარი. რა თქმა უნდა, ძაან ახლოს დადგომის შანსი აღარ გვქონდა, ამიტომ შევეცადეთ სტრატეგიულად სწორი ადგილი მაინც შეგვერჩია და შუაში დავდექით, რომ ხმა კარგად გაგვეგო. სცენაზე დროზე დადგნენ და პირველი “Daydreaming” დაუკრეს. ფესტივალის თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე Glastonbury 2017-ის ლაივი დაიდო YouTube-ზე და ყველას ეგონა, რომ ამჯერადაც ნოსტალგიურ-მელანქოლიური სეტ ლისტით წარდგებოდნენ, თუმცა მსგავსი ტრეკების მოსმენის სიამოვნება ცოტა მოგვაკლეს. სამაგიეროდ, ჯგუფისთვის დამახასიათებელი პოლიტიკურ-დიდაქტიკური სულისკვეთება კარგად იგრძნობოდა რამდენიმე ტრეკში. მაგალითად, როდესაც Idioteque-ს დაკვრას ასრულებდნენ, ტომმა ძალიან თემატურად გვამცნო – “Children, if you wanna future, you gotta work for it!”. ბოლოს წინა ტრეკი The National Anthem იყო, ოღონდ სემპლად პოლონურ დემოკრატიის განხილვის ჩანაწერი ჰქონდა.
ეს ორი საათი, ალბათ მართლა ყველაზე ჯადოსნური იყო ჩემს ცხოვრებაში, თან ბოლო ათი წლის ოცნება ავისრულე.