პჩვენი წინა ბლოგი თუ წაიკითხეთ Sziget-ის შესახებ, უკვე გეცოდინებათ, რატომ უნდა წახვიდეთ ამ მუსიკალურ ფესტივალზე. მაგრამ მიზეზებს, რა დალევს, რომ ესტუმროთ ბუდაპეშტში გამართულ ნამდვილ დღესასწაულს. მუსიკალურ ფესტივალთან ერთად Sziget-ის საორგანიზაციო ჯგუფი, ბევრ სხვა თავშესაქცევსაც გთავაზობთ. ერთ-ერთი ასეთი სივრცეა არტ ზონა, რომელიც სხვადასხვა ინსტალაციას, ფერად სკულპტურას, ხელოვნებასთან დაკავშირებულ სტარტაპს უყრის თავს. თავისუფლების ხელოვნება – ასე უწოდებენ Sziget-ის ფესტივალის ამ ნაწილს, რომელიც ,,თავისუფლების კუნძულის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა. აქ 2016 წლის ჩვენს რჩეულ ინსტალაციებს შეგიძლიათ გადახედოთ.
Starry-Eyed Shepherd
ვარსკვლავის თვალება მწყემსი ერთ-ერთი ასეთი ინსტალაციაა, რომელსაც, გართობასთან ერთად, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, ესტუმროთ ამ ფერად ადგილს და დაისვენოთ. როგორც იდეის ავტორები (Jap-Yap Team) ამბობენ, იდეის შთაგონების წყარო უნგრული ფოლკლორია, რომელიც მათ თანამედროვე სამყაროსთან დააკავშირეს. სხვადასხვა გრაფიკული ფორმა თავის ქალას ქმნის, რომლის სხვადასხვა ნაწილზეც შეგიძლიათ, ჩამოსხდეთ და დაისვენოთ. ინსტალაციაზე სტილზებული ულვაშსაც შეამჩნევთ. თუ ღამეს ესტუმრეთ ვარსკვლავის თვალება მწყემსს, მაშინ შეგიძლიათ მასზე დახატული თანავარსკვლავედებით დატკბეთ, რომლებიც ფოსფრით მეშვეობით ანათებს.
Starry Sky
თუ ინსტალაციაზე დახატული თანავარსკვლავედების ყურებას, ნამდვილი ვარსკვლავებით ტკბობა გირჩევნიათ, მაშინ რამდენიმე მეტრით გადანაცვლება მოგიწევთ. აქ აღმოაჩენთ ზონას, რომელიც სპეციალურად ცასა და ვარსკვლავებზე შეყვარებული ადამიანებისთვისაა შექმნილი. მართალია, განათებულ, ხმაურიან და მოძრავ ფესტივალზე ცოტა შეუძლებლადაც კი მიგვაჩნია მშვიდად, ბალახებზე წამოწოლა და ღამის ცით ტკბობა, მაგრამ Sziget-ის არტ ზონა ამაზეც ფიქრობს. როგორც იდეის ავტორები (J+P+D) ამბობენ, პროექტის მიზანია არა მხოლოდ მოსასვენებელი სივრცის შექმნა, არამედ – ისეთ გარმოსდაცვით საკითხებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა – სინათლით დაბინძურება. ბოლო ათწლეულებია, რაც ცა სინათლით უფრო და უფრო ბინძურდება, რაც ასტრონომებისთვის (და არამარტო) პლანეტებსა და ვარსკვლავებზე დაკვირვებას საგრძნობლად ართულებს.
Dragon of Freedom
გარემოსდაცვით საკითხს ეძღვნება შემდეგი ინსტალაციაც – Dragon of Freedom. 25-მეტრიანი დრაკონი 15-ათასი პლასტმასის ბოთლით არის აწყობილი. ნამუშევარი გვაჩვენებს იმ საფრთხის მასშტაბს, რომელიც ერთჯერადად გამოყენებულ პლასტმასის ბოთლს მოჰყვება. ,,თავისუფლების დრაკონი“ ამავდროულად უსვამს ხაზს მისი შემქმნელების (Vajda Kreativ Diakcsoport) კრეატიულობას, რომლებმაც შეძლეს და უბრალო ნივთიდან ასეთი კონცეფციის ინსტალაცია შექმნეს.
Fairy Town
თუ მინიატურული ნივთები ჩვენსავით გიყვართ, მაშინ აუცილებლად მოგხიბლავთ ,,ზღაპრული ქალაქის“ იდეა. მინიატურული სახლები ერთი ხის ქვეშ ეტევა. ფოსფორის ნათება ამ ადგილს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის და ფესტივალის პატარა მონაწილეებსაც ამხიარულებს. ამ პატარა სახლების მინიატურულობის უკეთ წარმოსაჩენად, გეტყვით, რომ სახურავები დასაჯდომად შეგიძლიათ გამოიყენოთ და ცოტა ხნით გამოეთიშოთ ფესტივალის ხმაურიან რიტმს.
Geo-Bike-Dome
თუ ველოსიპედის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება, მაშინ ველოსიპედის ბორბლებით შექმნილი თაღი თქვენს გულსაც მარტივად დაიპყრობს. ასე თუ ისე, ბავშვობიდან ჩვენ ყველა ვფიქრობთ ველოდიპედზე – ჯერ მის ყიდვაზე ვოცნებობთ, შემდეგ ტარებას ვსწავლობთ და თუ რამე დაუზიანდა, მზად ვართ ხელების დასვრის სანაცვლოდაც კი შევაკეთოთ ის (თუნდაც – უშედეგოდ). მისი შემქმნელებისთვისაც ალბათ ასეთივე მნიშვნელოვანი ველოსიპედი და მათ თითქოს სამყაროს ახალი პირობა დაუდეს – ველოსიპედის სიყვარული.
Memory Book
ერთხელ უკვე ავღნიშნეთ, როგორ გვიყვარს სამახსოვრო ნივთები. თუ Sziget-ის ფესტივალზე მოხვდით, დარწმუნებულები ვართ, რომ ის არასდროს დაგავიწყდებათ, მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, თუ გინდათ, რომ ფესტივალმა არც თქვენ დაგივიწყოთ? ინტერაქტიული ინსტალაცია – Memory Boook გაძლევთ საშუალებას, რომ ფესტივალის უზარმაზარ წიგნში თქვენი მოგონება ჩაიწეროს. ფერების, ფორმების, ენის, ნახატის შერჩევაში, რა თქმა უნდა, თავისუფლები ხართ. ასე რომ, დაამახსოვრეთ თავი ფესტივალს!