Loading...
მოგზაურობა

ველოსიპედით მოძრაობის წესები ევროპაში

თბილისის ქუჩებში ველოსიპედით გავლა ჩვეულებრივი ექსტრემალური სპორტია, და უსიამოვნებას ქმნის ველოსიპედებისთვისაც და გზაზე უცნაური ნივთის დანახვით დაბნეული მძღოლებისთვისაც. ევროპის ბევრ ქალაქში ველოსიპედი ჩვეულებრივ ტრანსპორტად ითვლება და ქალაქის გარშემო მოძრაობა ბევრად მშვიდი და სასიამოვნოა. ველოსიპედისტებს აქვთ ბევრი ხელსაყრელი უფლება, მაგრამ ამასთან ერთად მოვალეობაც. 

  • აკრძალულია არაფხიზელ მდგომარეობაში ტარება, გზის მარცხენა მხარეს მოძრაობა და შუქნიშნისთვის არ დამორჩილება.
  • ყოველთვის გამოიყენეთ ხელით სიგნალი შეხვევის დროს
  • შეღამებისას არ დაგავიწყდეთ წინა და უკანა განათებების ჩართვა
  • არ შეიძლება ველოსიპედის გაჩერება საგზაო ნიშნებთან, გასასვლელებთან ან ვიწრო ადგილებში
  • გაჩერებულ მანქანებთან გავლისას შეანელეთ და ყურადღებით იყავით, შეიძლება მგზავრი კარის გაღებას აპირებდეს.
  • არ გადაუსწროთ სხვა ველოსიპედისტებს ან ტრანსპორტს მარჯვნიდან. შეიძლება ამ დროს მათ ვერ შეგამჩნიონ

თუმცა სხვადასხვა ქალაქში დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები მოქმედებს.  აქ შევეცდებით მთავარი და მნიშვნელოვანი წესები მოგაწოდოთ პოპულარული ქალაქებისთვის. ნებისმიერ ქალაქში ჩასვლისას, დააკვირდით სხვა ველოსიპედისტებს და შეეცადეთ მათ მსგავსად იმოძრაოთ.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამ ქალაქში ადამიანებზე მეტი ველოსიპედია და ქალაქის მისით მოვლა ერთ-ერთი აქტივობაა, რომლის გარეშეც ამსტერდამის დატოვება არ ღირს. ამ მიზეზით ყველაზე გამართული ინფრასტრუქტურაც არის და იშვიათია შემთხვევა, გაურკვეველი იყოს მოძრაობის წესი. მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ:

 

  • საგზაო ნიშნების დამორჩილება მკაცრად კონტროლდება. აუცილებლად გაჩერდით ყველა შუქნიშანზე
  • ტროტუარზე, საშოპინგო ქუჩებზე, ფეხით სასიარულო ზონებსა და მაგისტრალებზე ველოსიპედის ტარება აკრძალულია
  • არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ ზოლიდან
  • ამსტერდამში ტრამვაის უამრავი ხაზია. ფრთხილად იყავით ტრამვაის ხაზებთან და ყოველთვის დააკვირდით გზას, რომ რელსებში ბორბალი არ მოგყვეთ
  • დაუთმეთ გზა სხვა ველოსიპედისტებს, შეეცადეთ არ შეაფერხოთ მოძრაობა, არ ატაროთ სხვების გასწვრივ
  • აუცილებლად გადააყენეთ ველოსიპედი და გაჩერდით ტელეფონზე სალაპარაკოდ ან რუკის სანახავად

 

 

პარიზი, საფრანგეთი

ველოსიპედები პარიზის თავისებური სუბკულტურა გახდა და ეს წრე მეგობრული ხალხით გამოირჩევა – უცხოები ხშირად იწყებენ საუბარს შუქნიშანთან ან უბრალოდ ესალმებიან ერთმაენთს. გეოგრაფიული განლაგება განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ქალაქის გარშემო სეირნობას.

  • აკრძალულია ტროტუარზე ტარება, თუ ცალკე ზოლი არაა გამოყოფილი
  • ცალმხრივი მოძრაობის საწინააღმდეგოდ გავლა არ შეიძლება (თუ ველოსიპედის ნიშანი ამის ნებას არ გრთავთ). თუმცა, თუ სიჩქარის ლიმიტი ქუჩაზე 30 კმ/სთ არის, დაშვებულია
  • კვეთებზე, სხვა ტრანსპორტისგან მცირედით წინ დადექით, რომ სხვებმა დაგინახონ
  • საფეხმავლო ზონებზე ნელი სიჩქარით ტარება დაშვებულია, თუმცა ტურისტულ ადგილებში შეამოწმეთ, ნიშანი ხომ არ გიკრძალავთ ველოსიპედით შესვლას

 

 

რომი, იტალია

რომის ცნობილი გორაკების გამო, ველოსიპედისთვის ფლორენცია ან მილანი უფრო შესაფერისია. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობისა და საცობების გამო, მითუმეტეს ზაფხულში, გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა. რაც შეეხება წესებს, იტალია კანონმორჩილი და მოწესრიგებული მოსახლეობით  არ გამოირჩევა, მოძრაობა ქაოტური და საშიშია. წესებს ცოტა იცავს, ამის გამო ძირითადი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, საკუთარი უსაფრთხოებაა.

  • საველოსიპედო ზონები იშვიათია და თუ არის, მოუხერხებელ ადგილასაა, ან ფეხით მოსიარულეებს აქვთ დაპყრობილი, ან პარკინგის ზონად გადაქცეული. იარეთ ტროტუარზე და გზაზე (იმის მიხედვით, რომელი უფრო მოსახერხებელია კონკრეტულ ადგილას)
  • შუქნიშნისთვის დამორჩილება აუცილებელი არაა, მაგრამ თუ გადაწყვეტთ წითელზე გაიაროთ, ყველა მხარეს გაიხედეთ
  • დიდ გზაჯვარედინებზე ფეხმავლებთან ერთად მოძრაობა სჯობს, იმიტომ რომ მანქანები უყურადღებოდ და ჩქარა დადიან
  • თითქმის ყველგან, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის ნებადართულია, შეგიძლიათ გაიაროთ
  • ფრთხილად იყავით გადასასვლელებთან, ყურადღება მიაქციეთ ასაკოვან მოქალაქეებს

 

 

Comments

comments